სალომე ზურაბიშვილმა დანიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

დანიის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოვიდის შემდგომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ რეალობასა და უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე სურვილი გამოხატა.

საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დანიის პრემიერმინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველო და დანიაა, მულტილატერალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ქვეყნებმა ერთად იბრძოლონ გლობალური პრობლემების წინააღმდეგ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციისათვის საჭიროა, უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის როლს სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები