მედიააკადემიის პროგრამებით კვალიფიკაცია 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა აიმაღლა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მედია აკადემიამ თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია. მოქმედი ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერებისთვის 11 სასწავლო კურსი ჩატარდა.

მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა 2019 წელს დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მასალები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მედიის წარმომადგენლებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მედიასკოლის სასწავლო პროცესის შედეგად, წამყვანი სატელევიზიო, რადიო და ონლაინმედიის წარმომადგენლები, თანამედროვე მედიაში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

“სასწავლო პროცესთან ერთად, მედიასკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი საჯარო ლექციებია, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, სხვადასხვა სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. 2019 წელს მედიასკოლამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა ევროპელი მედია ექსპერტებისგან ფრენკ უილიამსისა და ბრაიან უიტმორისგან გაეზიარებინათ გამოცდილება. ასევე, მედიააკადემიაში ჟურნალისტები შეხვდნენ დიპლომატს ზურაბ აბაშიძესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

მედიააკადემიის ძირითად სამიზნე აუდიტორიას, საზოგადოებასთან ერთად, ჟურნალისტები, პროდიუსერები და მედია მენეჯერები წარმოადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის ქცევა იცვლება და საზოგადოება კლასიკური მედია პროდუქტების მოხმარებიდან, მულტიმედიური პროდუქტების მოხმარებაზე გადადის, აუცილებელია მედიამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. სწორედ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება მედიააკადემია ქართულ მედიას,” – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

მედიააკადემიის ერთი წლის მუშაობის შედეგების შეჯამება კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშშია გამოქვეყნებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები