ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები

„ჩვენს უწყებას ნატო-სთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს, ყველა სიახლე და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატო-ს სტანდარტებზე გადაყვანა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ქართული ჯარი და თავდაცვის უწყების მიერ გატარებული რეფორმები ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორებსაც შეეხო.

„ისეთი საკითხი, როგორიც ნატო-ში დამატებით ახალი წევრის მიღებაა, ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. დღეს ასეთი თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მოთმინება და სტრატეგიული მზადება. ეს არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს, როგორც რუსეთის ფაქტორის, ასევე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონსენსუსის მიღწევას. იმ მომენტში, როდესაც იქნება საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა ვიყოთ მზად, რომ გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პარალელი ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის გაავლო. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა ოკუპაციის დაკანონება, მთელი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე და რუსეთის ტანკების დაბრუნება.

„ჩვენი ხელისუფლება გონივრული, ამავდროულად, პრინციპული პოლიტიკის მეშვეობით თავიდან აცილებს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ ტრაგედიას. ერთადერთი ხელისუფლებაა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები