თამარ არჩუაძე: იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ, მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე, საქართველოს მოქალაქეები

“იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ, მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე, საქართველოს მოქალაქეები”, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საქართველოს ხუთივე აეროპორტის მომზადება საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, რათა ქვეყანამ პირველი მგზავრების მიღება შეძლოს.

“მგზავრების მომსახურების გზამკვლევი ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც მას მივყვებით. მგზავრებს მოუწევთ აეროპორტში პირბადეებით გამოცხადება. ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს და იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს არ დაუფიქსირდება კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე. როგორც რეგისტრაციის, ასევე, შემდგომი პროცედურების დროსაც მგზავრებს მოუწევთ, დაიცვან 1, 5 მეტრის დისტანცია. შემდეგ ისინი ჩასხდებიან საჰაერო ხომალდში, სადაც ასევე იქნება აუცილებელი მოთხოვნა, რომ მათ ატარონ პირბადე. ჩაფრენის აეროპორტშიც მგზავრს მოუწევს თერმოსკრინინგსა და სოციალურ დისტაცირებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები და, ასევე, ადგილობრივი მგზავრებიც”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება. ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, თამარ არჩუაძესა და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გაიდლაინებით გათვალისწინებული, ყველა საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა. შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. ასევე, ჩამოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას პირველი ივლისიდან გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები