დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.
დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას პანდემიის პირობებში ჩეხეთის მხარის სოლიდარობისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევასა და გატარებულ ზომებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და ახლო მომავალში საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვა.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების დაგმობისთვის, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებშიც კი აგრძელებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისევე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, წარმატებული თანამშრომლობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.