“ვაშინგტონ პოსტი“: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პანდემიისგან დასვენება შეგიძლიათ

“რებრენდინგის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე საქართველო დამსვენებლებისთვის პოსტპანდემიურ სამოთხედ წარმოჩინდება”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post.

როგორც სტატიის ავტორი იზაბელ ხურშუდიანი წერს, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ახალი სახით წარმოჩინდება საერთაშორისო ტურიზმის სფეროში: ეს ის ადგილია, სადაც პანდემიისგან შეგიძლიათ, დაისვენოთ.

გთავაზობთ სტატიის სრული ვერსიის თარგმანს.

„გვერდით გაწიეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპირო. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ახალი სახით წარმოჩინდება საერთაშორისო ტურიზმის სფეროში: ეს ის ადგილია, სადაც პანდემიისგან შეგიძლიათ, დაისვენოთ!

ახალ კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებული გამოდგა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 746, აქედან გამოჯანმრთელდა 576 და დაიღუპა 12. ახლა ქვეყანას სურს, ეს მიღწევა საკურორტო პრიზების გათამაშებად აქციოს.

საქართველო მარტო არ გახლავთ ამ ინიციატივაში. ის ცდილობს, ახალი კორონავირუსის ეპოქის დასაწყისში ტურიზმში ხელახლა შექმნას საკუთარი თავი, თუმცა სამხრეთ კავკასიელი ერი, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს, ახალ სტრატეგიებს სთავაზობს მსოფლიოს. მაგალითად, ინფიცირების დაბალი დონით ახდენს საკუთარი თავის პოპულარიზაციას და თავად ირჩევს, ვინ შემოუშვას ქვეყანაში.

„უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ იმდენი ტურისტი ვერ გვეყოლება, რამდენიც გასულ წლებში სტუმრობდა ქვეყანას. თუმცა, ეს კონკურენტული უპირატესობა უნდა დავუმატოთ ჩვენს ისეთ ტრადიციულ უპირატესობებს, როგორიცაა 8000 წლის ისტორიის მქონე მეღვინეობა, სამზარეულო, კულტურა და მასპინძლობა”, – განაცხადა ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ფრთხილად ხსნიან ტურიზმის სექტორს, თუნდაც იმ პირობებში, რომ კორონავირუსის პრობლემები კვლავ ნარჩუნდება როგორც პოტენციურ მოგზაურებს შორის, ისე დანიშნულების ადგილებში.

როდესაც ისლანდიამ 15 ივნისს გახსნა საკუთარი საზღვრები, მან ყველა ჩამომსვლელს მოსთხოვა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, ორკვირიან კარანტინში განწესება ან ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ ახლახან ჩატარებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამ სამი ვარიანტიდან ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში, ტურისტებს მაინც მოუწევთ, საკონტაქტო პირთა მიკვლევადობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა.

საბერძნეთში 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის შემდეგ ყველა საერთაშორისო სტუმარი გაივლის სამედიცინო სკრინინგს, რომელიც მოიცავს კორონავირუსზე სწრაფ ტესტს. მოსალოდნელია, ღამის გასართობი ობიექტები კვლავ დაკეტილი დარჩეს და ამის სანაცვლოდ ქვეყანა ტურისტებს მცირე ჯგუფებად ღია ცის ქვეშ არსებულ ობიექტებში განტვირთვას სთავაზობს.

საქართველო თავის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის, თუმცა ნებისმიერს არ ელიან. ყველა ქვეყნის მოქალაქის მიღების ნაცვლად, გამოვლინდება საქართველოს მსგავსი ქვეყნები, ე.ი. „მეტ-ნაკლებად მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

გახარიამ საქართველოს ელჩებს მოუწოდა, გამწესების ქვეყნებში მთავარი მარკეტოლოგები გამხდარიყვნენ და მისივე თქმით, „უსაფრთხო კორიდორი” დაემყარებინათ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების საშუალებით. ისრაელი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი და ბალტიის სახელმწიფოები საქართველოს მიერ განსაზღვრულ სიაში არიან და პირველ რიგში ამ ქვეყნებიდან ელიან ტურისტებს.

გაურკვეველია, როდის დაუშვებს საქართველო სტუმრებს შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების მაჩვენებელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შეიძლება ახალ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა მოსთხოვონ, სხვებს შეიძლება ეს ნორმა არც შეეხოს, – აცხადებს თურნავა.

„თუ ნებისმიერი ქვეყნიდან ტურისტისთვის გავხსნით საზღვარს, ამან შეიძლება ერთ დღეში დაანგრიოს ჩვენი უსაფრთხოება”, – დასძენს ის.

„სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა არ იმყოფება თანაბარ პოზიციაზე. თუმცა, გვწამს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო კორიდორს”.

საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის როდი იყო „უსაფრთხო”. მის ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან – დაძაბულობამ განსაკუთრებით იმატა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თორმეტი წლის წინათ ეს ორი ქვეყანა მოკლევადიან ომში გაეხვა სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით.

გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით და რუს ტურისტებს სახლებში დაბრუნება ურჩია მას შემდეგ, რაც თბილისში განვითარებული პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში ცდილობდნენ შტურმით შეღწევას იმ ფაქტზე გაბრაზების ნიშნად, რომ რუსეთის პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან მიეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

ნოემბერში პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახერხეს, როდესაც საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე დემონსტრაციებმა ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში.

ტურიზმის სფეროში ახალი რეალობა დადგა.

საქართველოში მაინც სტაბილურად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა. მაშინ როდესაც 2001 წელს 3 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა ქვეყანას, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9 მილიონს ასცდა. თურნავამ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად თითქმის 12 პროცენტს შეადგენს.

„ჩვენთვის ეს ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს ისტორიულ ტრადიციებთან ძალიან ახლოს დგას”, – განაცხადა მან და დასძინა „ჩვენ ოდითგანვე ვამბობდით, რომ სტუმარი ღვთისაა”.

ქვეყანა თუ ადრე ადგილობრივი არეულობების გამო ხვდებოდა მსოფლიოს საინფორმაციო გამოშვებებში, ახლა მთავრობისადმი საზოგადოების გასაოცარი ნდობით გამოირჩევა, კორონავირუსზე ხელისუფლების რეაგირების გამო.

საქართველოს მიდგომა შემტევი იყო, რადგან მყისიერად დახურა სკოლები, როგორც კი 3 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში. ვირუსის გავრცელებაზე მონიტორინგი დაწესდა, პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებად” მიჩნეულ ქვეყნებთან დროებით შეწყდა, სამედიცინო სკრინინგი დაწესდა აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე. დაახლოებით 7000 სასტუმრო ოთახი ჩაერთო კარანტინის რეჟიმში, სადაც მარტის პირველი კვირის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები განთავსდნენ.

„ამ პროცესით ფასდაუდებელი გამოცდილება დაგვიგროვდა და საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის დიდი მოქნილობის ნიმუშად იქცა, რადგან ახალ ნორმებთან ადაპტაცია სწრაფად მოხერხდა”, – აცხადებს თურნავა და დასძენს: „სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტული ინდუსტრიის ადაპტაციისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყოს, რადგან ყოველივე ეს გულისხმობს პროტოკოლების განუხრელ დაცვას”.

CNN-ის ეთერში გასული გადაცემის „Parts Unknown”-ის ავტორი და წამყვანი ენტონი ბორდეინი საქართველოს ისეთ ქვეყანად მოიხსენიებდა, რომელსაც ბევრი ამერიკელი რუკაზეც ვერ მოძებნიდა. მათი არჩევანი ხომ ტრადიციულად ევროპულ კურორტებზე კეთდებოდა იტალიასა და საფრანგეთში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად. საქართველო ტურისტებს ჰპირდება უსაფრთხოებას და ამით გამოირჩევა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომლებსაც აქამდე არ უფიქრიათ საქართველოში დასვენებაზე, – აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე.

საქართველო შეეცდება, თავი მოაწონოს პოსტპანდემიურ მოგზაურებს გარე აქტივობების შეთავაზებით, რაც უფრო მეტად ქმნის დისტანცირების შესაძლებლობას. ასეთებია, მაგალითად, მეღვინეობით განთქმული რეგიონების ან ეროვნული პარკების მონახულება. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად” მონიშნავს, რათა სტუმრებმა ექსკლუზიურად მოახერხონ პირადი სივრცისა და სანიტარიული ნორმების გარანტირებული დაცვა.

„ტურიზმის სფერო ახალ რეალობაში აღმოჩნდა და ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ახალი დანიშნულების ადგილები და ტურისტული პროდუქტები შესთავაზოს დამსვენებლებს”, – აცხადებს კვაჭანტირაძე და დასძენს: „როდესაც ადამიანი მოგზაურობს და დასვენება სურს, მნიშვნელოვანია, თავისუფლად, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი”,- ნათქვამია “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები