ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა
დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
სეს-ის ინფორმაციით, მათი რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება, მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება. გაუმჯობესდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.
ნავთლუღის განახლებული აგრარული ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განახლება ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლის და პერსონალის ჯანმრთელობის, ასევე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას.
დღესისათვის ქვეყნის მასშტაბით 80-მდე აგრარული ბაზარი უკვე ფუნქციონირებს.