ამირან გამყრელიძე: თბილისში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევის კონტაქტები საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში
„ჩვენ დღევანდელი დილისთვის საქართველოში, 30 იანვრიდან ვანგარიშობ, გვაქვს 55 656 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა ღრმა კვლევებს. აქედან, ლაბორატორიულად დადასტურებული, დღევანდელი დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. გუშინ, ანუ 24 საათის განმავლობაში, დაემატა 11 ახალი შემთხვევა. აქედან ორი გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.
ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი, ამ კონტაქტებიდან გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი ცხრას დაუდგინდა მათ კონტაქტებს ასევე კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება და კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.