ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის” პროცესი.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა.

განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას – რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება.
ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა.

სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან.
აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები