მაია ცქიტიშვილი: ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს
“შემიძლია გითხრათ, რომ ლუგარის ლაბორატორია ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას ემსახურება და ჩვენ ყველა ერთად ძალიან დარწმუნებით უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ლუგარის ცენტრი ყველასთვის ღიაა.
„სამწუხაროდ, უკვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით პროვოცირებას აქვს ადგილი და, ბუნებრივია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ლუგარის ცენტრი რომ არ გვქონოდა, ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი წარმატებულები კორონავირუსთან ბრძოლაში და რაც შეეხება ნებისმიერი ასეთი სახის რუსული ნარატივის გავრცელებას, ან პროპაგანდას, რომ ლუგარის ცენტრი შესაძლო საფრთხეს შეიცავს, საერთაშორისო ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ თუ რა კეთდება ლუგარის ცენტრში. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ სხვადასხვა ორგანიზაციას იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს, რუსეთთან. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ყველასთვის ღიაა ლუგარის ცენტრი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, „ვინაიდან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.