ირაკლი კობახიძე ლუგარის ლაბორატორიაზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული
“ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საკითხი ძალიან მარტივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.
“ლუგართან დაკავშირებით საკითხი ძალიან მარტივია, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებული იქნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. გავივლით კონსულტაციებს და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, „ვინაიდან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.