ირაკლი მეზურნიშვილი: ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისთვის პრემიერმინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა.
„პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პრემიერმინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ურთულეს პროცესში ბოლო თვეების განმავლობაში. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ერთად შეძელით ის, რომ დღეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
ის ტაქტიკა, რაც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა და ამ ტაქტიკის ერთ-ერთი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ძალიან მაღალი ფასი იყო. ეს თავიდანვე შეფასებული იქნა, როგორც ძალიან მკაცრი ზომა, მაგრამ პირველადი მიზანი იყო, არ მომხდარიყო პანდემიის ფართო გავრცელება და ამან, რა თქმა უნდა, სერიოზული დადებითი როლი შეასრულა. ამავდროულად, შეგვიძლია გავაკეთოთ იმის ანალიზი, რომ ის ასეულობით ჯარიმა, რომელიც გამოწერილ იქნა ფიზიკურ პირებზე, ამ ადამიანების უმრავლესობისთვის, დაახლოებით 90%-თვის, შეიძლება, ძალიან რთული გადასახდელი იყოს. ხომ არ არის იმის შესაძლებლობა და ხომ არ ჯობს, ამ ჯარიმების გარკვეული ჩამოწერაც მოხდეს?”, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.