“რუსეთის ინტერესია საქართველოს დაზიანება და ეს ახალი ამბავი არ არის, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქციაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.
მდინარაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორია მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ლაბორატორიაა.
“ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი წარმატებული ლაბორატორია მსოფლიოში, რომელმაც თავისი სიტყვა კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესშიც თქვა და იმ დიდ რგოლში, რასაც ეფექტიანი მენეჯმენტი ერქვა, რასაც ექიმების თუ ხელისუფლების სწორი მოქმედებები ერქვა, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიამ თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანა და ერთი ძალიან მსხვილი რგოლი იყო. ახლა თუ ვინმე ღიზიანდება მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნიდან თუ შიდა მტრებიდან, არ ვიცი, ეს მათი საქმეა. თუმცა, ასეთი რეაქციები არ არის შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რაც სინამდვილეში გვაქვს”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, „ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.