ჯანმო-ს განცხადების შემდეგ, პრეპარატ “პლაქვენილის” კვლევა საფრანგეთმა შეაჩერა

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, “პლაქვენილის” (ჰიდროქსიქლოროქინის) ტესტირება შეწყდა.

ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

ტედროს ადან გებრეიესუსის თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ჯანმო-ს გადაწყვეტილებით, ასევე, შეჩერებულია “ქლოროქინის” გამოცდაც.

“ორგანიზაციის აღმასრულებელმა ჯგუფმა შეაჩერა პრეპარატ “ჰიდროქსიქლოროქინის” გამოცდა, ეს ეხება მხოლოდ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ. გამოცდების სხვა ეტაპები კვლავ გრძელდება”, – განაცხადა გებრეიესუსმა.

​ორგანიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ, პრეპარატის ცდაზე უარი საფრანგეთის მედიკამენტების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ თქვა.

დღეს, ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა  ოლივიე ვერანმა ჯანდაცვის უზენაეს საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომ “პლაქვენილი” პაციენტებს აღარ დაუნიშნონ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას უწყობს ხელს.

გასულ კვირას ტრამპმა ასევე თქვა, რომ პრეპარატს პროფილაქტიკის მიზნით ღებულობს და უკვე ორკვირიანი კურსი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები