“ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია”

“ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი აქვს, 26 მაისი ერთიანობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა და ამის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა”, # ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

„ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი. ასევე, ამერიკულ შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს, იგი უფრო მრავალფეროვანი იქნება. როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, სამხედრო გამოწვევების გარდა ახალი გლობალური საფრთხეების წინაშე დავდექით, რაც მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები. მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაპზე. განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, ბიომრავალფეროვნებას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც. ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი აქვს, 26 მაისი ერთიანობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა და ამის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება, რომლითაც უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და დავხვდეთ ყველა გამოწვევას, გაუმარჯოს საქართველოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები