U.S. Naval Institute: რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე
“აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე”, – ნათქვამია U.S. Naval Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო – შავი ზღვის გასაღები“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე.
სტატიის თანახმად, რუსეთი კონცენტრირებულია შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, საზღვრების გაფართოებაზე და, კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, თავისი შესაძლებლობების ამაღლებაზე.
„რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ჰიბრიდული ომისა, რომელიც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებში წამყვან თემად იქცა, რუსეთი განაგრძობს ზღვასა და ჰაერში ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკისთვის თავისუფლად მიმოსვლაში ხელის შეშლას და ემუქრება სავაჭრო მარშრუტებს. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში კი რუსეთის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის დაბრკოლებების შექმნა“, – ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის და შუა აღმოსავლეთის გავლით, წარმოადგენს რუსეთის კარიბჭეს მსოფლიოში. მონტროს კონვენციით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების რაოდენობა, რის გამოც შავი ზღვა რუსეთისთვის იდეალური ადგილია წვრთნების მინიმალური დაბრკოლებებით ჩასატარებლად.
„საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთი ხშირად აწესებს შეზღუდვებს შავი ზღვის დიდ სექციებზე, სადაც ატარებს წვრთნებს და ფართო ტერიტორიებზე ზღუდავს წვდომას სატვირთო და სხვა ტიპის ხომალდებისთვის. რუსეთმა მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალები გადატყორცნა რეგიონში და აქცია სამხრეთის სამხედრო ოლქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და უნარიან ოლქად. 2008 წელს, ჰიბრიდული ომის გამოყენებით და რუსეთთან კულტურული კავშირების მქონე სეპარატისტებთან თანამშრომლობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად მიღებული გამოცდილებით 2014 წელს განახორციელა ყირიმის ანექსია და მოგვიანებით აგრესია მოლდოვას წინააღმდეგ. ამ კონფლიქტებმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმები, გამოეყენებინა ახალი ტაქტიკები და შეეფასებინა აშშ-ის და ნატოს მზადყოფნა ჩარევისთვის – ეს კი პოტენციურად წარმოადგენდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფრო რთული ამოცანისთვის მზადებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები მკაფიო გზავნილით, რომ კიდევ სხვაგან კონფლიქტს წინააღმდეგობა მოჰყვება. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე“, – ნათქვამია სტატიაში.
https://www.usni.org/magazines/proceedings/2020/may/georgia-key-black-sea?fbclid=IwAR2Q8389AfecaAPbyIKAjNo0A75F1zB9sduGJBuQLF7yWv9TOfN6_nTF0TA