გიორგი მიქაუტაძე: ანა დოლიძე პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას
“როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რჩება საბჭოს წევრად და, ამავდროულად, ის იწყებს და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული, როგორც მინიმუმ, ჩემ მიერ დასახელებული კანონების მოთხოვნები იღვევა”- – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ანა დოლიძე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
„ქალბატონი ანა დოლიძე პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს და, ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული ის, რომ თუ პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები, მასზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. არაერთი შემთხვევა შეგიძლიათ ნახოთ პოლიტიკური პარტიების ან სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული, თუმცა მათ ჰქონდათ აშკარად საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნები და მიიღებოდა გადაწყვეტილებები როგორც სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, ასევე, სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს სწორედ ეს სპეციალური კანონმდებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, მე ვფიქრობ, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რჩება საბჭოს წევრად და, ამავდროულად, ის იწყებს და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული, როგორც მინიმუმ ჩემს მიერ დასახელებული კანონების მოთხოვნები იღვევა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფლად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ანა დოლიძეს აშკარად გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს.
„ჩვენ რეაგირება დიდი ხნის წინ მოვახდინეთ და საჯაროდაც განვაცხადეთ ამის შესახებ, ასევე, იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომლის გამწესებულიც არის აღნიშნული არამოსამართლე წევრი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენ დღეს არ დაგვიყენებია დღის წესრიგში, თუმცა იმ აქტივობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით პოლიტიკური სარჩულის შემცველია, ამას ყველა ვხედავთ და საჯაროდ გვესმის. თავისუფლად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას აქვს აშკარად გაცხადებული საარჩევნო მიზანი, ასეთი ტერმინი ჩემი მოგონილი არ არის, ეს პირდაპირ წერია კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა – „ხალხისთვის“ დააფუძნა.