ამირან გამყრელიძე: საკარანტინე ზონებმა ძალიან გაამართლა, აქ, დაახლოებით, 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველოში საკარანტინო ზონებმა გაამართლა. როგორც მან აღნიშნა, იმ ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„ეს ვითარება არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების საფუძველს. დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა. მხედველობაში მაქვს მხოლოდ მოლეკულური კვლევები. აქედან დადასტურებულია 723. ამ 723-დან აქტიური შემთხვევა, დღეს ვინც მკურნალობს, არის 216. გამოჯანმრთელება გვაქვს 495, ანუ 68 პროცენტია გამოჯანმრთელება, რაც კარგი ინდიკატორია, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სერიოზულად გადააჭარბა და ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაძლევს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე პროგნოზულად გარკვეულად დამაიმედებელი ინდიკატორია.
დღევანდელი დილით გვყავს ორი ახლად დადასტურებული შემთხვევა. ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. მოგეხსენებათ, ყველაზე დაზიანებული რეგიონი გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ, ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. ერთი შემთხვევა უკავშირდება თეთრიწყაროს კონტაქტის კონტაქს და ერთი გვაქვს საკარანტინო ზონიდან.
საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ჩვენ საკარანტინო ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, ამით პრევენცია გავუკეთეთ ამ შემთხვევების შემდგომ დისტრიბუციას საზოგადოებაში, ამან შეკავების ფაზაში სერიოზული როლი ითამაშა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.