შსს-მ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და მასზე ძებნა გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.ღ. -ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

გ.ღ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს. რომელიც სხვადასხვა დავასთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს.
გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 – მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223 – მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 9-დან 15 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები