ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, ჯერჯერობით, საუბარი არაა, ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას
“ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა, თქვენ როგორც იცით, თავიდანვე პრემიერმინისტრმა და მთავრობამ გახსნების ეტაპებში არცერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებული იქნება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ჩვენს ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელ მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის იმის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.