ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია

“ხვალიდან აღარ იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში Covid-19-ის გამკლავების პროცესი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დარჩება ძალაში, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ადავპტირდეთ ამ რეალობაში. არის შეზღუდვები ისეთი, როგორიცაა სოციალური დისტანცია, არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი, რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, რომ მათ შეძლეს, თვეების განმავლობაში მაქსიმალურად დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნა, რომ იყო ცალკეული გამონაკლისები, თუმცა, ჯამურად, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები