არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან დისტანციურ სამუშაო შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ეპიდუსაფრთხოების გეგმა განიხილა.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების რეგულარობა, ასევე, პარლამენტის შენობაში თანამშრომლების აქტივობა ეტაპობრივად გაიზრდება.
თავდაპირველად, თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში, ხოლო 75% გააგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. ეპიდუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში გამოყენებული იქნება პერსონალური დამცავი საშუალებები, ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოკონტროლი და სხვა ღონისძიებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა “წარმატებულად” შეაფასა COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევა და შედეგები. ასევე, ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ისეთ რეფორმებს, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები