ჩეხური ტურისტული ბიზნესპორტალი TTG: საქართველოს უკვე აქვს გეგმა, როგორ გაიხსნას სეზონი უცხოელი ტურისტებისთვის
„საქართველოს უკვე აქვს გეგმა, როგორ გაიხსნას სეზონი უცხოელი ტურისტებისთვის”, – ამ სათაურით ჩეხური ტურისტული ბიზნესპორტალი TTG საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
“საქართველო ულამაზესი ქვეყანაა ევროპისა და აზიის გასაყარზე. საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც კორონავირუსის შემდეგ, უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. ადგილობრივი, ტურისტული სერვისები ფუნქციონირებას უკვე 15 ივნისიდან დაიწყებენ და უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებენ, “- წერს სტატიის ავტორი ტომაშ ნოჰეილი.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შეჰპირდა ტურისტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფო მათ 2020 წელს უძრავი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს და კრედიტისთვის აღებულ თანხებს 1,3 მილიონ ევრომდე დაუფარავს – აქედან 80%-ის გადახდა სასტუმროებზე მოხდება, რომელთა ბრუნვა 5,7 მილიონ ევროს შეადგენს.
„ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, უსაფრთხო დერეფნებს გავხსნით სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით საინტერესოა. მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც ტურისტებს უცხოეთიდან მიიღებს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველომ დღემდე (11.05.2020) კორონავირუსით დაინფიცირებულთა 623 შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 12 გარდაცვლილია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.
2020 წლის სექტემბერში, საქართველოში, UNWTO-ს პატრონაჟით, ტურიზმის სამომავლო პერსპექტივებზე რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრის შეხვედრა შედგება. UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით ანტიკრიზისულ გეგმებს მიესალმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ვიდეოკონფერენციის დროს, გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ქვეყნის გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლაში, მოქალაქეების მიმართ აღმოჩენილი მომსახურებები საკარანტინო ზონებსა და მწვანე ზონების გამოყოფა ტურისტულ კურორტებზე – აღნიშნული კონკურენტუნარიანობის სარგებელი აუცილებლად წაადგება საქართველოს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას პანდემიის შემდეგ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალაში რჩება 22 მაისის ჩათვლით. მანამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია ყველა მაღაზია და რესტორანი, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილზე თავშეყრა შეუძლია მხოლოდ 3 ადამიანს. 11 მაისიდან აკრძალვები ეტაპობრივად იხსნება.
შეიქმნება მწვანე ზონები, სასტუმროები და სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურა სპეციალური გაიდლაინების მიხედვით ამოქმედდება.
„საქართველოში შეიქმნება მწვანე, საკურორტო ზონები, რომელიც, როგორც პროექტი, დამოუკიდებლად განხორციელდება, გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთო ეროვნულ გაიდლაინებზე, წესებზე, რომელიც განკუთვნილი იქნება ტურიზმის ყველა ინდუსტრიისთვის და დაინერგება სექტორულად – ეს იქნება სასტუმროები, განთავსების, კვების ობიექტები, გიდები, სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები. უსაფრთხოება ჩვენთვის პირველ ადგილზეა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განთავსებისა და კვების ობიექტები შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს”, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ადგილობრივი უწყებები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ობიექტების სერტიფიცირებებს, რომლებიც პირველად შიდა მოგზაურებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი უცხოელი სტუმრებისთვის გაიხსნება.
„საუკეთესო, რაც საქართველოს გააჩნია, არიან ქართველები. ეს არის მისი საგანძური”, – განაცხადა ტალებ რიფაიმ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, თავიდან ეს ფრაზა თავაზიანი გამონათქვამი ეგონა, მაგრამ საქართველოში ყოფნის დროს დარწმუნდა, რომ ეს სრული სიმართლეა.
„სტუმარი ღვთისაა”, ამბობენ ქართველები და შესაბამისადაც იქცევიან. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პლატფორმის Numbeo-ს შეფასებით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა,” – აცხადებს სტატიის ავტორი ტომაშ ნოჰეილი.