უცხოური მედია: საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კარს გაუღებს უცხოელ ტურისტებს

„ტურიზმის აღდგენა ევროპაში: საქართველო ჩვენს გონებაში”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ უცხოური გამოცემა TTG, სადაც ავტორი, ისაბელ ქონვეი წერს, რომ ამ უძველეს ქვეყანას COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სტატიის ავტორის თქმით, ქვეყანა მზადაა, უცხოელი ტურისტებისთვის თავისი კარი გახსნას.

„საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო მედიამ მომხიბლავ ტურისტულ ლოკაციად ცნო, ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც, თვეების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, გახსნის თავის კარს უცხოელი ტურისტებისთვის. უძველეს ქვეყანას, რომელიც სუბტროპიკული შავი ზღვიდან გაშლილია ველური ბუნებით მდიდარ კარპატების ალპურ მაღალმთიან რეგიონამდე, COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის წარმატებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნის იმედი გააჩინა. დედაქალაქი თბილისი, ცნობილი როგორც ღვინის დამზადების აკვანი, მნიშვნელოვანი გაჩერება იყო ცნობილ ე.წ. აბრეშუმის გზაზე, რაც ასახულია ბაზრებში, მუზეუმებსა და ძეგლებში. საქართველო, ასევე, ცნობილია კარგი საკვებით, „კვალს აცდენილი” თავგადასავლებითა და ეკომეგობრული ტურიზმით.

დედაქალაქში არსებული მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა კორონავირუსული შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების შემდეგ. საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 2020 წელს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებდა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებს და სესხის გაცემით დაეხმარებოდა იმ სასტუმროებს, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურიზმის განვითარებაში. გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) დაადასტურა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან ფრთხილი და წარმატებული ნაბიჯები, რათა საქართველო პირველი ქვეყანა ყოფილიყო მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისოდ გახსნიდა ტურიზმის ინდუსტრიას”, – წერს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები