მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება.

ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“გუშინდელი დილის მონაცემებით, გვყავდა 702 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 11 და ახლა არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456, დაგვემატა 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს. თანაფარდობით გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა, არის 237.

11 ახალი შემთხვევიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ცნობილი წყაროა. 11-დან 9 ბოლნისია, ეს არის ორი სოფელი – გეტასა და მუშევანის დადასტურებული შემთხვევა, არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ორი შემთხვევა საკარანტინე სივრცეში, თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტია. ამ 11 პაციენტიდან ჩვენთან ახალი არ მოთავსებულა.

გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა, მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს, მაგრამ დაველოდოთ კვლავ მოვლენებს. მეორე პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია, მას უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ დაემორჩილება მკურნალობას, პროგრესირება აღარ გამოვლინდება და მასთან გამოსავალი, ალბათ, კეთილსაიმედო უნდა იყოს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები