მსოფლიო ბანკი: COVID-19-ის გამო 60 მილიონი ადამიანის გაღარიბებაა მოსალოდნელი
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მელპასის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანი გაღარიბდება.
“ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვართან, რაც უკანასკნელი სამი წლის განმვალობაში სიღარიბესთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების ნიველირებას მოახდენს”, – თქვა მელპასმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა პანდემიასთან ბრძოლაში უკვე 100 სახელმწიფოს დაეხმარა, რომლებზეც პლანეტის მოსახლეობის 70 % მოდის.
მელპასი აღნიშნავს, რომ ბანკი იღებს ვალდებულებას, მომდევნო 15 თვის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებს გრანტების, სესხისა და ინვესტიციების სახით 160 მლრდ დოლარი გამოუყოს.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნებს-კრედიტორებს მოუწოდა “დიდი ოცეულის” ქვეყნების ინიციატივას შეუერთდნენ, რომლის თანახმადაც განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ვალის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებაა მოსალოდნელი.
მანამდე, გაერო-ს მოხსენებაში იყო აღნიშნული, რომ წლის მეორე კვარტალში კორონავირუსის პანდემიის გამო 195 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. ორგანიზაციის მონაცემით, ყველაზე მეტად დაზარლდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, თვითდასაქმებულები, შრომითი მიგრანტები და ლტოლვილები.