არჩილ თალაკვაძე: მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა – დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს, ინფექციის სწორი მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა – დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ფრთხილი და პრაგმატული მართვა, რომ არ მივიღოთ გავრცელების ახალი კერები.

„შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული და არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, – მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით. ამას ეფექტურად ახორციელებენ ჯანდაცვისა და სხვა მოკავშირე სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, პარლამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ხოლო 22 მაისიდან კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარება განახლდება ჩვეულებრივ, რეგულარულ რეჟიმში. არჩილ თალაკვაძე შეეხო საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების საჭიროება კვლავ არის, თუმცა საგანგებო მდგომაროების გაგრძელებისა და ფართო შეზღუდვების ობიექტური საფუძველი ამ მომენტში აღარ არსებობს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები