ნათია თურნავამ უკრაინელ კოლეგასთან საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან, ვლადისლავ კრიკლისთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.
​ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მინისტრის მოადგილეები – აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძეც მონაწილეობდნენ.
„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის” შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები