„შეზღუდვები რჩება თეთრიწყაროში, თუმცა დამაიმედებელი პროგნოზია და პროცესები სტაბილურად მიმდინარეობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი შესაძლებელია, მკაცრი კარანტინი მოიხსნას“, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
რწმუნებულის თქმით, ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 150-მდე საკვლევი მასალის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი .
„გუშინ მუშევანიდან, დაახლოებით, 130 საკვლევი მასალა აიღეს, სრულად ველოდებით, დაახლოებით, 150-ზე მეტი ტესტის პასუხს და დღის ბოლოს გვეცოდინება. თამარისის თემსა და 14 სოფელში მოიხსნა საკარანტინე შეზღუდვები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეს სოფლები დღეიდან თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს მასშტაბით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უახლოეს დღეებში გაფართოვდეს არეალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შეზღუდვები მოიხსნას.
ამ ეტაპზე, რჩება შეზღუდვები მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები რჩება თეთრიწყაროშიც, თუმცა დამაიმედებელი პროგნოზია და პროცესები სტაბილურად მიმდინარეობს. ბოლო დღეებში დინამიკა არ შეცვლილა და უახლოეს პერიოდში, ალბათ, დავუბრუნდებით თეთრიწყაროს დასახლებებში და ქალაქში ლოკაციების მოხსნას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა .