“65 გამთბარი კერა ლეჩხუმში” – გაიცანით კაცი, რომელიც მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ “გაცოცხლებას“ ცდილობს

ლექსო ჩარკვიანი ქუთაისში დაიბადა. მამულეთი ლეჩხუმში, სოფელ აღვში არასდროს მიუტოვებია. თავიდან მამა უვლიდა, შემდეგ ის რომ მოხუცდა, ხვნა-თესვა და მოსავლის აღება თავად დაიწყო. ასვლას ხშირად ვერ ახერხებს, რადგან სამსახური ქუთაისში აქვს და ხშირად ვერ გააცდენს.

დაცარიელებული სოფლის და მიტოვებული სახლების ბედს ძალიან განიცდიდა. გადაწყვიტა გამოსავალი ეპოვა და ამ მიზნით, სოციალურ ქსელში, წელიწადნახევრის წინ გვერდი სახელწოდებით – “დაკარგული სამოთხე“ შექმნა. კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და ლეჩხუმის  მაღალმთიან სოფლებში 65 სახლი უკვე “გაათბო“.

„რეგიონული კვირა“ ლექსო ჩარკვიანს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში , მამულეთში  ესტუმრა და სოციალურ ქსელში მის მიერ წამოწყებული კამპანიის შესახებ ესაუბრა.  მისი თქმით, გადაწყვეტილება მშობლიური კუთხის სიყვარულით მიიღო, რადგან სახლის ჭიშკრებზე დადებული ბოქლომები და აბალახებული ეზო გულს სტკენდა.

“2 წლის წინ პირველი საცდელი კამპანია წამოვიწყე. ვიცოდი, თუ დავიწყებდი, შედეგიც მექნებოდა. ერთ- ერთ სოფელში დაკეტილ სახლის პატრონს დაველაპარაკე, თუ შეელეოდა მამაპაპისეულ კარმიდამოს. ოღონდ ვინმე მოუვლიდეს და არ დავეძებო, – მიპასუხა. სახლს და ეზოს ფოტოები გადავუღე, ჩემს ახლადშექმნილ გვერდზე განვათავსე და მფლობელის ტელეფონიც მივუთითე”, -იხსენებს ლექსო.

3 დღის შემდეგ, გვერდზე შესულს 200- მდე კომენტარი დახვდა. უმეტესობა სახლის ყიდვის სურვილს გამოთქვამდა და უფრო მეტიც – სახლს უკვე ახალი მეპატრონე ჰყავდა. პირველი მცდელობის წარმატებით დასრულებამ კაპანიის გაგრძელების სტიმული მისცა და დღეისათვის , ლექსოს სახელზე ლეჩხუმში 65 სახლი “გაცოცხლდა“.

“ამ ადამიანებიდან მხოლოდ 3 ოჯახს ვიცნობ, დანარჩენი არც კი ვიცი ვინ არიან,მთავარია შედეგს მივაღწიე. გუშინ ერთ-ერთ ოჯახს ვესტუმრე, რომელიც სოფელ ზარაგულაში თბილისიდან ჩამოვიდა. ვნახე როგორ მოეწყვენ- ხნავენ, თესავენ და ამან ძალიან გამახარა“, -სიამაყით ამბობს “დაკარგული სამოთხის მძებნელი” ახალგაზრდა მამაკაცი.

მისი თქმით, ფინანსურ თემებში არ ერევა. აი, ასე, უბრალოდ, მიდის თავის ხარჯით, აღმოაჩენს მიტოვებულ სახლს, რომლის გაცოცხლების სურვილიც უჩნდება, შემდეგ მეპატრონეს უკავშირდება, თანხმობის შემთხვევაში თავის სოციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერს რთავს და დაინტერესებულ ადამიანებს კარ-მიდამოს ათვალიერებინებს.

“თავიდან ფოტოებს რომ ვდებდი, აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონების სააგენტოს მაკლერები ფოტოს  იპარავდნენ , მიჰქონდათ სააგენტოს გვერდებზე და მოგებას ნახულობდნენ. ამან  გამაბრაზა და გადავწყვიტე ფოტოები პირდაპირი ჩართვებით შემეცვალა, სადაც მყიდველი აუცილებლად დაასწრებდა მაკლერს“.

ამბობს, რომ ხარჯის მეტი ამ კამპანიას მისთვის არაფერი მოუტანია -გარდა იმ სიამოვნებისა, რომ მის მიერ წამოწყებულ სიახლეს, გამთბარი ოჯახების სიმრავლე მიჰყვება ხოლმე. უკვე მეპატრონეთა კონტაქტების დადგენაც გაუჭირდა, რადგან დიდი ხნის წინ, სოფლიდან წასულ ადამიანებს ადვილად ვეღარ პოულობს. გულიც ატკინეს, ფულს აკეთებსო.

“ამ უწყინარ კამპანიას ძირის გამომთხრელებიც გამოუჩნდნენ, “თანამედროვე მაკლერიც“კი შემარქვეს, არადა ჩემი პრინციპი ასეთია – არც მყიდველს და არც გამყიდველს, ფულს არ ვართმევ. მე არ ვარ მაკლერი, ამის სურვილი რომ მქონოდა, სხვა ხერხებითაც კარგად მოვახერხებდი სახლების გაყიდვას“,-გულისტკივილით ამბობს და იმ 8 ოჯახზე აგრძელებს საუბარს, რომლებიც ახლახანს დაუკავშირდნენ და სახლის გაყიდვაში დახმარება სთხოვეს.

გვერდს, რომელიც წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, უკვე 5000 მეგობარი და 20000 გამომწერი ჰყავს. სკეპტიკოსების ირონიული ფრაზები არ აშინებს, რადგან თვლის, რომ ლეჩხუმისთვის ტყუილად სულაც არ დადის, ” ხუმრობა ხომ არაა  65  გაცოცხლებული და გამთბარი სახლი.“

სოფელში შესულს სახლის ძებნის საკუთარი მეთოდები აქვს – ” სოფელში რომ შედიხარ,მანქანა სოფლის თავში უნდა დატოვო. ფეხით ჩაუყვე ბილიკებს. ყანაში მომუშავე გლეხს ახლოდან ჩამოუჯდე, დაელაპარაკო, მისი სატკივარი გაიგო, თორემ  “პრადოს“  ჩამოწეული ფანჯრიდან  საქმის კეთებას როცა  ცდილობ, არაფერი გამოგივა“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

სკეპტიკოსები და ძირის გამომთხრელები არ აშინებს, უბრალოდ ბენზინის ხარჯში თუ  ვინმე დაეხმარება, მონდომებას გააორმაგებს. როცა პანდემია ჩაივლის და მისი გაყიდული კარ-მიდამოს რიცხვი 100 – მდე გაიზრდება, გადაწყვეტილი აქვს ყველას ერთად, სუფრაზე მოუყაროს თავი. ამბობს, რომ სწორედ იქ გამოჩნდება ლეჩხუმისა და საქართველოს სიყვარულში ლექსო ჩარკვიანმა ფული აკეთა თუ არა.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები