სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს.
მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.