კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ბადრიჯანი ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც 74 წლის კაცს თავის ბოსტანში მოჰყავს. ყედირ ჯინჭარაძე ქედაში, სოფელ დოლოგანში ცხოვრობს, მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი სოფლის მეურნეობის საქმიანობაში 45 წელია ჩართულია. არასოდეს დაუტოვებიათ თავიანთი კუთხე, მიწას ამუშავებდნენ და ჯანსაღი პროდუქციით ქალაქს ამარაგებდნენ.
გარდა საკვები პროდუქტისა, ჯინჭარაძეებს 50 000 ნერგი სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის ჩითილი გამოჰყავთ, რისთვისაც არამხოლოდ აჭრაში მცხოვრები ადამიანები, არამედ ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ და გასამრავლებლად ათასობით სანერგე ჯიში მიაქვთ.
სწორედ ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა-გამრავლებით გაითქვა სახელი ქედაში ჯინჭარაძეების ოჯახმა.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ მათ შრომისუნარიანობას კიდევ უფრო დიდი ძალა შემატა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გაორმაგებული ენერგიით შეასრულებინა. ადრე თუ ბოსტანში მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქტი ხარობდა, ახლა მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე სახეობა შეემატა. პანდემიის გამო შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, თუმცა მოხუც ყედირს სჯერა, რომ ყველაფერმა ჩაიარა, სოფელიც ფეხზე უფრო მყარად დადგა, საკუთარი შრომით თავის რჩენა უფრო შესაძლებელი ხდება, შესაბამისად, მომხმარებელიც ისევ მიაკითხავს ნაცნობ მისამართს ჯანსაღი ჩითილებისთვის.
“45 წლის წინ ჩითილების გამოყვანა ებრაელმა მეგობარმა მასწავლა, მას შემდეგ დავიწყე ჩემი ხელით ჩითილების გამოყვანა, ჩემს ოჯახსაც შევასწავლე ეს საქმიანობა, თავს სწორედ სოფლის მეურნეობით ვირჩენთ. მინდა კიდევ უფრო გავაფართოვო და ოჯახის წევრების გარდა დავასაქმო ადგილობრივები. რაც უფრო ძლიერი იქნება გლეხი, მით უფრო მდიდარი იქნება ქვეყანა. არ მინდა სოფელი ახალგაზრდებმა დატოვონ, ნოყიერი მიწაა, არაჩვეულებრივი ჰაერი და წყალი, აქ მოყვანილი ხეხილი და ბოსტნეული ჯანსაღია. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, ქედის მერიას, რომ არა მათი ხელშეწყობა, წვალება მოგვიწევდა. სახნავ-სათეს სამუშაოებში დაგვეხმარა და რეალიზებაშიც გვეხმარებიან“, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ყედირ ჯინჭარაძემ.
ჯინჭარაძეების საოჯახო მეურნეობა ქედის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ დაათვალიერა.
,,საგაზაფხულო სამუშაოები ქედაში როგორც ხედავთ აქტიურ ფაზაშია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ. წელს პირველად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები უფასოდ უმუშავდებათ, გარდა ამისა, ურიგდებათ სხვადასხვა ბაღჩეული კულტურების ნერგებიც. სასიამოვნო ფაქტია, რომ ყველა ადგილობრივი ცდილობს დაამუშავოს მიწის ნაკვეთი, რაც შემოდგომაზე ერთგვარ დოვლათს შექმნის”, – აღნიშნა მამუკა ფარტენაძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიეტეტში, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამით, სულ დამუშავებულია 400 ჰა ფართობი. ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ფიქრია დავლაძე