გიორგი კახიანი: ჩვენ პანდემიის შემდგომ ეტაპზეც ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ქვეყანა უნდა ვიყოთ
“სასიხარულოა, რომ არაერთი რეიტინგული საერთაშორისო გამოცემა ეხმაურება იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო განხილული არის, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა სააგენტო „იუპიაის” მიერ გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომლის ავტორი საერთაშორისო საგადასახადო და ინვესტიციების ცენტრის, ენერგეტიკის, ზრდისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ჯეიმს გრანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.
გიორგი კახიანის თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა პოსტპანდემიის პერიოდშიც საუკეთესო და სამაგალითო ქვეყნად დარჩეს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ არა მხოლოდ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით უნდა ვიყოთ წარმატებული, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ შემდგომ ეტაპზეც ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ქვეყანა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ეკონომიკის აღდგენას, რამდენად სწრაფად მოვახდენთ ტურიზმის აღდგენას და რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები და ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან აქამდე ხორციელდებოდა, ასევე წარმატებული და ასევე სწორი იქნება, რაც, საბოლოოდ, ჩვენ წარმოგვაჩენს მთელი მსოფლიოს თვალში, როგორც ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანას”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.