მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე

“ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიულიკოლეჯების ადმინისტრაცია მყისიერად გადავიდა ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. მარტი-აპრილის თვეებში განხორციელდა მომზადება-გადამზადების პროგრამების ერთი ნაწილის (IT, პროგრამირების ენების, ბუღალტერია, სასტუმროს მარკეტინგი/გაყიდვები) მორგება დისტანციური სწავლების ფორმატზე.

კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით.

პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩარიცხვის წესის ცვლილებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გათვალისინებით. იგეგმება 8700-მდე ადგილის შეთავაზება.იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2500 ადგილია ავტორიზებული.

სამინისტრომ, ასევე, ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინპლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). მათ მიერ მიმდინარეობს პროგრამების იმ კომპონენტების ანალიზი, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი. აღნიშნულის პილოტირება პირველი ივნისიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები