ევროკავშირი, FAO და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერთა მხარდასაჭერად 3.2 მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო პროგრამას იწყებენ
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით დაფინანსების მექანიზმი – საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს თანამედროვე საირიგაციო სისტემების შეძენისა და დამონტაჟებისთვის შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღონ.
,,საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყვეტ პროგრესს ქვეყანაში. დღეს მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო, იმ დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეძლო, სწრაფად განეხორციელებინა საჭირო ცვლილებები პროგრამებში. ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვასა და ქვეყანაში პირველადი წარმოების ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
საგრანტო პროგრამისთვის, ჯამურად, 3.2 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული პროგრამა ნაწილია ევროკავშირის ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივისა, რომლის საერთო ღირებულება 19 მილიონ ლარს აღემატება. ფერმერთა საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD)ფარგლებში ხორციელდება.
„დღეს, გამოწვევებით აღსავსე დროში სასურსათო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. პანდემიის საპასუხო საგრანტო ინიციატივა საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში, ფერმერებს საირიგაციო სისტემების სწრაფ მოწყობაში დაეხმარება, რათა მათ წარმოებაგაზარდონ. ქვეყნისთვის ეს სურსათის მიწოდების ზრდასა და მეტ შემოსავალს ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად მსურველებს განაცხადის შეტანა 30 ივნისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 22 მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი საქმიანობენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს საირიგაციო სისტემის შეძენისა დამონტაჟის სრული ღირებულების 75% (არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) დაუფინანსდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს სეზონური სამუშაოების შესრულებაში დროულად დავეხმაროთ. თანამედროვე საირიგაციო სისტემებზე ხელმისაწვდომობახელს შეუწყობს ბოსტნეულისა და კენკროვანი კულტურების მოსავლის მოცულობის ზრდასა და, შესაბამისად, მეტი შემოსავლის მიღებას. ეს კი დაეხმარება ქვეყანას, ეფექტიანად დაძლიოს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა საქართველოში FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
საგრანტო თანადაფინანსების პროგრამაში რეგისტრირების პროცესი სრულად ადაპტირებულია ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობასთან. განაცხადების შეტანა ხორციელდება ონლაინ, ხოლო საკონსულტაციო დახმარებისმიღება სატელეფონო ზარებით იქნება შესაძლებელი. საირიგაციო სისტემების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და FAO-ს სპეციალისტები, პროგრამის ბენეფიციარებსინფორმაციის გაზიარების გზითდაეხმარებიან.
აღნიშნული საგრანტო პროგრამა, ENPARD-ის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე 19.2 მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ სასოფლო-სამეურნეო გრანტებზე გამოყოფილი თანხიდან უკვე განხორციელდა 2.2 მილიონი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ტრაქტორებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე, სათბურების მოწყობის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.
პროგრამის პირველი ფაზა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, ხოლო მეორე და მესამე ფაზის პრიორიტეტს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და არამარტო აღნიშნულ სექტორშ იშესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.
ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.