საქართველო „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
როგორც “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენტონი სალსიტოს იმ მაღალი შეფასებისთვის, რომელიც მან დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის სამინისტროს მისცა, აგრეთვე, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეხვედრაზე მხარეებმა „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
მიხეილ ჩხენკელმა „მაიკროსოფტის“ განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის – Minecraft Education Edition-ის დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. Minecraft Education Edition-ის პროგრამის მეშვეობით, გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.
ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი # ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი – ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში – პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი – დავით ჭიაბერაშვილი.