ნათია თურნავა: ფოთში მიმდინარე “პეის ტერმინალის” პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს – სახელმწიფო თუ კერძო, არცერთი დღით  შეფერხდეს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტად ფოთში მიმდინარე, კომპანია „პეის ჯგუფის” მიერ ახალი ტერმინალი დაასახელა, რომლის მშენებლობაც 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ახლა ტერმინალის პროექტი განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) უკვე გადმორიცხა პირველი 30 მლნ დოლარი 50 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციიდან, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ “პეის ტერმინალის” პროექტის განვითარებისთვის გამოყო.

„ეს არის აშშ-ის ფინანსური თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტში და მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, “პეის ტერმინალის” პროექტი ითვალისწინებს 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთისა და 100 კონტეინერის გადამუშავებას.

“პეის ტერმინალი” მდებარეობს ფოთის ე.წ.  ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC)  მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ, საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა, 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები