ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად გვაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მისი უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ წესებისა და გაიდლაინების პროექტზე მუშაობს და ის უკვე რამდენიმე დღეში საჯარო გახდება. ნათია თურნავას განცხადებით, გაიდლაინების პირველი პროექტის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა.

​„ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა, რადგან მართლაც ერთია, რომ ჩვენ შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება კარანტინებთან მიმართებაში, რომ დავიცვათ უსაფრთხოება. ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა კარანტინში მყოფებთან – ეს შეეხება, ასევე, ნარჩენების გატანა-უტილიზაციას, დისტანციურ მომსახურებას პერსონალსა და სტუმრებს შორის, სოციალური დისტანციის დაცვას. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დადგენილი იყოს საერთაშორისო ნორმების მიხედვით”, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ნორმების მიხედვით იყოს დადგენილი. ამიტომ, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პარალელურად, რომელიც ასევე მუშაობს გაიდლაინებზე და რომლებიც ძალიან მალე ყველასთვის იქნება ცნობილი, საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე თავადაც მუშაობს.

„პირველი პროექტი, „დრაფტი” ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას ტურიზმის ინდუსტრიასთან ერთად ვხვეწთ. ჩვენ ამ ეტაპზე უკვე მზად გვაქვს ამ წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი როგორც ტრანსპორტზე, ასევე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა უნდათ – იმისთვის, რომ თავის ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და ჩვენ შევჯერდეთ. ჩვენ გვაქვს მკაცრად დადგენილი ვადები, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. გარკვეული დრო უნდა მივცეთ ინდუსტრიას, რომ მოემზადოს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, შემუშავებულ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი  იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ტურიზმის ინდუსტრია ვერ შეასრულებს, რადგან უწყება მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები