ნათია თურნავა: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ

“საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი, ვისაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს მომავალში იმ მიმართულებად, სადაც  ტურისტები ჩამოვლენ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და ,პირველ ყოვლისა, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაშია კოლეგებთან.

„სისტემატური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან – იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ტურისტები ჩავლენ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა უკვე დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ უსაფრთხო ქვეყანათაგანი, სადაც, შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან და მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მათი ტურისტები ჩავლენ.
მინისტრის განცხადებით, მუშაობა გრძელდება სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, ევროპის, ბალტიისპირეთისა და რეგიონის ქვეყნებთან.

ნათია თურნავას განმარტებით, ყოველივე აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე დასახელდება არა მხოლოდ ავიაკომპანიებიდან დასტური, არამედ – კონკრეტული თარიღები.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა პირველივე შესაძლებლობებისთანავე რეგულარული ფრენების აღდგენის მზადყოფნა.

„ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ყველა წინაპირობაა აქვს იმისთვის, რომ ნამდვილად ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვით ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებთ ჩამოვა უცხოელი ტურისტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები