ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვას იწყებს – ერთი პენსიების ინდექსაციას ეხება, ხოლო მეორე – საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს

„პარლამენტის ბიუროზე შემოვიდა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელთაგან ერთი პენსიების ინდექსაციის საკითხს ეხება, ხოლო მეორე – საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს. ორივე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმიდან გამომდინარეობს”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წელს, 1-ელი იანვრიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხორვები პენსიონერებისთვის კიდევ უფრო მაღალი კოეფიციენტით არის გაზრდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ყოველთვიურად დანაკლისს განიცდის, ძალაში დარჩა მასში ჩადებული ცვლილება, რომ 30 ლარით გაიზარდოს პენსია 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის, ინდექსაციის საკითხი კი კიდევ უფრო მეტ ზრდას ითვალისწინებს. კოეფიციენტები კორელაციაშია ინფლაციის მაჩვენებლებთან, ხოლო 70 წელს ზევით პენსიონერებისათვის დამატებით გასათვალისწინებულია რეალური ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის 80 %, არანაკლებ 20 და 25 ლარისა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძის თქმით, კანონპროექტი ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი  ინვრიდან. მისივე თქმით, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით 230 მლნ ლარი იქნება საჭირო.

„რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს – ანტიკრიზისული პროგრამით გამოცხადებული იყო, რომ ვისაც 1500 ლარამდე აქვს ხელფასი და ასევე კომპანიები, რომლებიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, 750 ლარის ნაწილში გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ამ კანონპროექტის განხილვას ვიწყებთ დაჩქარებული წესით”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები