ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში
“ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, და ამას პროგნოზირებს მეცნიერთა უმრავლესობა, რომ ზაფხულში უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი პერიოდი, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი.
„ჩვენ სერიოზულად გავზარდეთ ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 1500 ადამიანს ჩავუტარეთ „პისიარ“ ტესტი. მხედველობაში მაქვს როგორც კონტაქტირებული ინფიცირებულთან, ისე, სხვადასხვა რისკჯგუფი. აქ არის სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი. პირველ რიგში იტესტებიან ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალი ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. „კოვიდის“ კლინიკები, ასევე, რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის ექიმები. მინისტრის ახალი ბრძანებით, დადგენილია რისკჯგუფები, სადაც, პირველ ყოვლისა, ხდება ტესტირება, ამიტომაც ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება „პისიარ“ ტესტირების არეალი. მიუხედავად ამისა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯერ დაღმავალია, ანუ იკლებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა, ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და სხვა მრავალი, მაშინ შესაძლებელია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს.
ზაფხულში სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როცა უკვე რესპირაციული ინფექციები, გრიპი, სხვა ინფექციები იქნება, არ იყოს ზედდება. პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს „კოვიდის“ შემდგომი ტალღის და გრიპი ერთად, ამიტომ უნდა იყოს სრულად მზადყოფნა ყველა სექტორის, თუ იქნება ტალღა, ამას შესაბამისად ადეკვატურად უპასუხოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.