გერმანია საზღვრებს 15 ივნისიდან გახსნის, თუმცა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 15 მაისიდან დაიწყება
გერმანიის მიერ ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სასაზღვრო კონტროლი 15 ივნისიდან შეწყდება.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, ხორსტ ზეეხოფერმა განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრებზე შემოწმებების შესუსტება 15 მაისიდან დაიწყება.
მინისტრის ინფორმაციით, 15 მაისიდან სასაზღვრო კონტროლი აღარ განხორციელდება გერმანიისა და ლუქსემბურგის საზღვართან. დანიასთან კონტროლი მას შემდეგ შეწყდება, რაც დანიის მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან შესაბამის კონსულტაციებს გამართავს.
საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარიის საზღვრებთან შემოწმებები 15 ივნისამდე გაგრძელდება.
გერმანიის შსს-ში მიიჩნევენ, რომ 14-დღიანი კარანტინი მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება სავალდებულო, რომლებიც გერმანიაში მოხვედრამდე მესამე ქვეყნებში იმყოფებოდნენ, მაგრამ არა იმ გერმანელებისთვის, რომლებიც საფრანგეთიდან ან ნიდერლანდებიდან ბრუნდებიან.