ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესი გამარტივდება
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართლებრივი ცვლილებები მზადდება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების პროცესში წარმოსადგენი დოკუმენტები არსებითად გამარტივდება და მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე ხნის წინ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალე, რომ ამ მიმართულებით ბევრი საკითხი გაგვემარტივებინა, რადგან დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს და ის წესები და კანონები, რაც ურბანული მიმართულებით არსებობს, გარკვეულწილად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი დავალების მიზანი იყო, რომ სამშენებლო სექტორში ჩართულ ადამიანებს, დეველოპერებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, დროულად მომხდარიყო მათი პროექტების დამტკიცება. ზოგადად, განაშენიანების რეგულირების გეგმა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება, არ იყოს აუცილებელი და მათი განხორციელება სხვანაირად იყოს შესაძლებელი. ვიცი, რომ საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი ცვლილებებისა მომზადებულია ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენს მშენებლებს, დეველოპერებს გავუმარტივოთ მუშაობა, მითუმეტეს, ამ რთულ ვითარებაში. ზოგადად, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკონომიკის განვითარებისა და მოქალაქეთა დასაქმების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ მიმართულებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ სამართლებრივი ცვლილებების მიზანია, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და პროექტების განხორციელების პროცესი დროში შემცირდეს და გამარტივდეს.
„ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება ძალიან დიდ დროს მოიცავს და ამ პროცესში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების დაცვა ხდება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავეთ. ვცდილობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული რგოლები შევკვეცოთ და ამოვაგდოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა შევეხოთ იმ მთავარ ღირებულებებს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი, ადმინისტრაციული ორგანოს მეტი მუშაობის ხარჯზე, ვცდილობთ, გავამარტივოთ, დროში შევამციროთ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტების განხორციელება. ახლა ჩვენ უკვე ვართ სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში და უახლოეს დღეებში შევძლებთ, დეველოპერებს წარვუდგინოთ პრეზენტაცია, შევხვდეთ და მივაწოდოთ ეს მასალა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რათა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესში გარკვეული სიმარტივეები გაჩნდეს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროცესი სწორი ურბანული განვითარების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.