ნათია თურნავამ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სანავსადგურე მიმართულების თითოეული ორგანიზაცია მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დანერგა უწყებათშორისი საბჭოს ყველა რეკომენდაცია.

“ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საზღვაო სექტორის საქმიანობის ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის სანავსადგურე მიმართულების თითოეული ორგანიზაცია მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დანერგა უწყებათშორისი საბჭოს ყველა რეკომენდაცია. დღემდე ზედმიწევნით ზუსტად სრულდება უსაფრთხოების წესები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნებთან. სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთი არ შეჩერებულა პორტების მუშაობა, მაქსიმალურად იქნა აცილებული ნავსადგურებიდან ვირუსის გავრცელების საფრთხე,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისნისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს სრულყოფილად ვასრულებდეთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას.

“სექტორმა სანიმუშო ორგანიზებულობა გამოიჩინა და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების ფონზე დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. სწორედ ამიტომ მინდა დარგის თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

სექტორში მომუშავე პირები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის – პორტების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას, რითიც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნისათვის აუცილებელი მარაგების შექმნაში. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს სრულყოფილად ვასრულებდეთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და სრულფასოვნად ვმონაწილეობდეთ მთლიანი რეგიონის მიწოდების ჯაჭვში. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით წარმართა პანდემიით გამოწვეული კრიზისი საზღვაო სექტორში და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები კრიზისის შემდგომი სიტუაციის რეგულირებისათვის. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა, რომელიც დარგის წინაშე პანდემიამ დააყენა, ქართველი მეზღვაურების რეპატრიაცია და როტაცია იყო. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომლის აქტიურობითაც 200-ზე მეტი მეზღვაური დაუბრუნა სამშობლოს, მეტიც, უკვე განხორციელდა ჩარტერული ფრენები მეზღვაურთა გემზე სამუშაოდ ასასვლელად მსოფლიოს სხვადახსხვა ქვეყნებში და გაკეთდა მხარდაჭერის შეთავაზება კერძო სექტორთან მეზღვაურთა გეგმიურ როტაციაზე. გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს – მეზღვაურებს, რომლებიც დღეს წინა ხაზზე არიან. შექმნილი კრიზისის გამო ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა და უდიდესი პასუხისმგებლობით განაგრძობენ თავისი ვალდებულებების შესრულებას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის წარმატებული საქმიანობა, რომელსაც ეწევიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საზღვაო დარგის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გაწეული უმძიმესი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები