მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი 6 წლის მოზარდია
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი 6 წლის მოზარდია.
“დილის მდგომარეობით, ბოქსირებულ სექტორში 63 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 54-ს აქვს დადასტურებული. გუშინ ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა, ორივე ცნობილი კლასტერიდანაა. 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 9. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება. აქედან ერთი არის 6 წლის მოზარდი, დანარჩენი მოზრდილებია. 6 საყურადღებო შემთხვევა გვაქვს. მძიმე პაციენტი არ გვყავს. ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი, რომელიც სხვა კლინიკაში მკურნალობდა პნევმონიის დიაგნოზით და გაწერიდან რამდენიმე დღეში დაუდასტურდა პისიარ კვლევით, ჩვენთან მკურნალობს, საშუალო სიმძიმისაა, გამოხატულია ორმხრივი პნევმონია, მიმდინარეობს მკურნალობა. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე – ბოლნისი”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.