“ევროკავშირის საგარეო საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზი აქვს გასმული იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ მიაღწია”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის ძალიან სტრატეგიული ევროკავშირისთვის და იგი გააგრძელებს მის მხარდაჭერას ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად.
„ევროკავშირის საგარეო საბჭოს მიერ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის ძალიან სტრატეგიული ევროკავშირისთვის და იგი გააგრძელებს მის მხარდაჭერას ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს. აგრეთვე, ხაზი აქვს გასმული იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ მიღწეული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიმართულებით. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ასოცირებული ქვეყნების ახალ ეტაპზე გადაყვანას, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკასა და მის ბაზრებთან ეტაპობრივ ინტეგრაციაში გამოიხატება”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.