ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს.
მისივე თქმით, კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ სულ 64 პაციენტი იმყოფება.
„ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. აქედან კოვიდინფიცირებული არის 39. გუშინ 5-მა დატოვა კლინიკა. დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას და დაგვრჩება 38. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ერთი ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მეტ-ნაკლები სირთულით. ხუთი პაციენტს პნევმონია აქვს დადასტურებული და ვმკურნალობთ, თუმცა სუნთქვის პარამეტრები მოშლილი არ აქვთ, მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ. ზოგიერთ მათგანს ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება. დღეს გაიტესტა კიდევ რვა პაციენტი ჩვენთან კლინიკაში. რეტესტირება ჩაუტარდება კიდევ ხუთ პაციენტს. აქედან სამს აქვს მეორადი რეტესტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.