გიორგი გახარია: საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც
“დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც სერიოზული მიღწევაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.
„მიხარია, რომ კარგ ხასიათზე ხართ, მით უმეტეს, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც შეიძლება, გვქონდეს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებულთა რაოდენობა არის 639, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები. დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია, თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება „კოვიდის“, როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით – ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, როგორც მინიმუმ, რეგიონში, საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.