პატრიარქი: უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
როგორც მან აღნიშნა, უფალი ხედავს, რომ საქართველო უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება.
„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს – ანდრია პირველწოდებულის დღესა და საქართველოს ეკლესიისა და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს, ასევე, სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, – აღნიშნა პატრიარქმა.