“მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზე მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ტურიზმის სფერო ნელ-ნელა უნდა ამუშავდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზე მნიშვნელოვანი. საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე ანგარიშით, სხვათა შორის, ძირითადად, ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე. სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ყველა ის ეტაპია აუცილებელი, მინიმალური, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.